კალათბურთელთა ნაკრებს მაკფადენიც შეუერთდა - ღია ვარჯიში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ორ მატჩს 24 და 27 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ჩვენი ეროვნული გუნდი ბალკანელებს ჯერ თბილისში დაუპირისპირდება, 3 დღეში კი სტუმრად, ქალაქ სკოპიეში ეთამაშება.
ჩრდილომაკედონიელები უკვე თბილისში არიან და დღეს, საღამოს, სპორტის სასახლეში ივარჯიშეს. მანამდე კი სასახლეში ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები შევიდა, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო. ყველაზე გვიან ნატურალიზებული ამერიკელი თად მაკფადენი ჩამოვიდა, რომელსაც ესპანეთის თასზე „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ ფეხზე MRI სხივები დასჭირდა. სურათმა აჩვენა, რომ იგი ჯანმრთელადაა და საქართველოში 23 თებერვალს გამთენიისას ჩამოფრინდა.
ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ორი მატჩი გამართა – 26 ნოემბერს თბილისში უკრაინას 88:83 სძლია, ხოლო 29-ში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა. თითო მოგება-წაგებით საქართველო G ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ჯგუფის დარჩენილ 4 მატჩში მაქსიმალურად მეტი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რათა მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გადაჰყვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ჩრდილოეთ მაკედონიის შემადგენლობა
მატჩი 24 თებერვალს, 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებთ.
შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 33% დაესწრება.
ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს ონლაინ – tkt.ge-ზე. მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.
gbf.ge