კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა
კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  კმ171-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა.

უწყების ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა და გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.