კახა კალაძე - ნუ გვექნება ილუზია, რომ რაკი კახა კალაძე ავირჩიეთ, ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერს შეცვლის
კახა კალაძე - ნუ გვექნება ილუზია, რომ რაკი კახა კალაძე ავირჩიეთ, ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერს შეცვლის

იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ რაკი კახა კალაძე ავირჩიეთ, ის ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერს შეცვლის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს შეუძლებელია, მაგრამ გვაქვს ამბიცია, ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები და პროექტები მართლაც თვალშისაცემი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა დედაქალაქის მერი საქმიანობის იმ გუნდთან ერთად გაგრძელებას, რომელთან ერთადაც ქალაქის ხელმძღვანელობაში მოვიდა და უნდა ველოდოთ თუ არა მოადგილეების შეცვლას, კახი კალაძემ განაცხადა, რომ მისი მოადგილეები ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

„ის, რაც ენერგეტიკაში ხუთი წლის განმავლობაში განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რევოლუციური გარღვევა იყო. ენერგეტიკის სექტორში 70–იანი წლების შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები არ განხორციელებულა და ამაში ჩემს მოადგილეებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით“, – განაცხადა კალაძემ. 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თანამშრომლის გაშვება მიზეზის დასაბუთების გარეშე არ შეიძლება არცერთი თანამდებობიდან, გარდა მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისა, რომელთა შერჩევა დედაქალაქის მერის პრეროგატივაა.

„შესაბამისად, ადამიანებს სამსახურშიც ვერ მიიღებ, თუ მათ კონკურსი არ გაიარეს. ეს ყველაფერი კანონითაა გაწერილი და მგონია, რომ ეს ყველაფერი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა კალაძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იყო თუ არა დავით ნარმანია წარმატებული მერი, კახი კალაძემ განაცხადა, რომ მისი მხრიდან შეფასების გაკეთება არასწორია.

„დავით ნარმანია ჩემი თანაგუნდელია და მიმაჩნია, რომ ჩემი და ჩემი გუნდის საქმიანობა მე არ უნდა შევაფასო. ვფიქრობ, საზოგადოებამ, თქვენ, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა უნდა შეაფასოთ, რა როგორ იყო, როგორი მერია ჩაიბარა, რა პროექტები განახორციელა და ა.შ. პრობლემა უამრავია, რასაც ვაღიარებთ, მაგრამ დათოს მერობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, – განაცხადა კახი კალაძემ.