კახი კახიშვილი - არჩევნებს რომ ვიგებდი, იმას კი არ ვზეიმობდი, არამედ ჯოჯოხეთი რომ დამთავრდა, პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის
კახი კახიშვილი - არჩევნებს რომ ვიგებდი, იმას კი არ ვზეიმობდი, არამედ ჯოჯოხეთი რომ დამთავრდა, პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის

მე იმას კი არ ვზეიმობდი, არჩევნებს რომ ვიგებდი, იმას ვზეიმობდი, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდა, პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის, – ასე უპასუხა ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახი კახიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს მის შტაბში მიმდინარე პროცესიდან გავრცელებულ კადრებს, რაც ზოგ შემთხვევაში კრიტიკის, ზოგ შემთხვევაში კი დაცინვის საგანი იყო.

„ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იყო ღამის სამის ნახევარი და მე და ჩემმა გუნდმა, რომელიც გვერდით მედგა, ოთხთვიანი კოშმარი გავიარეთ. ბევრ სამსახურში მიმუშავია, მაგრამ როდესაც ადამიანი პირადად ხარ ჩართული საარჩევნო პროცესში, როგორც მაჟორიტარი, ეს საერთოდ კოშმარია. ასეთი არაფერი მინახავს. ვიცოდი, რომ პოლიტიკა ბინძურია, მაგრამ ასეთ დონეზე ნამდვილად არ მეგონა. მე იმას კი არ ვზეიმობდი, არჩევნებს რომ ვიგებდი?! ამ არჩევნებს ისედაც მოვიგებდი. მე იმას ვზეიმობდი, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდა, პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ეს პერიოდი უდიდესი წნეხის ქვეშ იყვნენ“, – განაცხადა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ისნის რაიონი ძალიან დიდი რაიონია და იმ ღამით ყველა ცდილობდა, შტაბში მისულიყო.

„ყველა ცდილობს, მოვიდეს და შენ მადლობა უნდა გადაუხადო გვერდით დგომისთვის და იმისთვის, რაც ამ ადამიანებმა შენთვის გააკეთეს. ამასობაში, კარი იღება და ჩემთვის საპატივცემულო ანსამბლი „ქსოვრელები“ შემოდის. ჩვენ არც ვიცოდით, საერთოდ. ისე, თბილისში „ქსოვრელები“ როდიდან გახდნენ დასაცინი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ახლა კონჩიტა ვერ შემოვიდოდა მაგ ოფისში, „ქსოვრელები“ შემოვიდნენ და რა უნდა გვეთქვა, უკაცრავად, ჩვენი საზოგადოების „სვეტი“ ნაწილი თქვენს აქ შემოსვლას ვერ გაიგებსთქო? ის ადამიანები იცით, რატომ მოვიდნენ?! იმიტომ, რომ მათაც ოჯახები ჰყავთ და სახლში ლუკმა პური მათაც აქვთ წასაღები. იმიტომ არ მოსულან, რომ ჩემი ამომრჩევლები იყვნენ, ხმა მომცეს და ჩემთან ერთად ზეიმობდნენ. უბრალოდ, ეტყობა, ვიღაცამ უთხრა, შემოვიდნენ, გაგვახარეს და იფიქრეს, ამით რაღაცას წაიღებდნენ სახლში. იმიტომ, რომ ნებისმიერ შრომას დაფასება სჭირდება“, – განაცხადა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, მისთვის პირიქით, ისეთი მიდგომაა მიუღებელი, როცა ამბობენ, რომ ადამიანის შრომა არ უნდა დააფასო.

„მე ასე არ მიცხოვრია. დიახ, პატივი ვეცი და ყოველთვის, როცა შესაძლებლობა მექნება, არც ერთი ადამიანის პატივისცემას არ დავივიწყებ. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს აუცილებელია. დღეს რომ ჩემი გაუკვირდათ, რა, მთელი ევროპა და ამერიკა ამით არ ცხოვრობს?! თუ ჩვენ ქვეყანაში სიკეთის კეთება „საღადაო“ გახდა, სიმართლე გითხრათ, ეს კიდევ უფრო რთული მომენტია“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გადაცემა გააკეთა, სადაც ადამიანები სულ სხვა რაღაცაზე დაპატიჟეს და აღმოჩნდა, რომ საქილიკოდ იყვნენ დაპატიჟებული, რაც მიუღებელია.

„ჩვენ ერთი პატარა საზოგადოება ვართ და არ შეიძლება, პოლიტიკური პროცესების გამო ერთმანეთს გული ვატკინოთ. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.