კახეთში სეტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო
კახეთში სეტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო

მესამე დღეა, კახეთში სტიქიას ებრძვიან. სეტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლა გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ათამდე სოფელში დილიდან დაიწყო. მერიის შესაბამისი კომისია ყველა დაზარალებულ ოჯახს შეისწავლის.

გუშინ მოსულმა სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ვენახები, სახნავ-სათესი ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი, დაზიანებულია ავტომობილები.

განსაკუთრებული ზიანი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთს. 150 ოჯახს საცხოვრებელ სახლის სახურავები მთლიანად დაუზიანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახურავიდან ჩამოჟონილმა წყალმა დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ ზომებს მიიღებს მათ დასახმარებლად.

„სეტყვისგან სახურავი დაუზიანდა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ე.წ. შიფერით ჰქონდა სახლი დახურული. დღეს, პირველ რიგში, დროებითი გადახურვის საშუალებებს გადავცემთ ამ ოჯახებს, შემდეგ კი, სახლების გადახურვაშიც დავეხმარებით“, – აცხადებს გურჯაანის მერი.

დღესვე, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდებიან და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას.