კახეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება
კახეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობას მოხალისეთა ჯგუფები ტემპერატურას უმოწმებენ.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით თერმოსკრინგი უკვე ხუთი ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს ჩატარებული, თუმცა საეჭვო სიმპტომები არც ერთ პირს არ გამოუვლინდა.

ამასთან, გრძელდება სასურსათო კალათების დარიგება.

ამ დროისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა სოციალური კატეგორიისა და საჭიროებების მქონე ოჯახებს უკვე სამი ათასზე მეტი სასურსათო პაკეტი გადასცა.

სოფელ ქვემო ხოდაშენში სასურსათო კალათა ერთ-ერთ ადგილობრივს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა პირადად გადასცა.

მერი დაინტერესდა, რამდენად იცავს ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს.

„თერმოსკრინინგის პროცესი თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით ორ კვირას კიდევ გასტანს. ჩვენს მუნიციპალიტეტში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული და მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ გარკვეული შეღავათების დაწესების მიუხდავად, მკაცრად დაიცვან ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ამ დროისთვის კახეთში თერმოსკრინინგი 25 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.