კახეთში კორონავირუსზე 14 ანალიზის პასუხს ხვალ ელოდებიან
კახეთში კორონავირუსზე 14 ანალიზის პასუხს ხვალ ელოდებიან

კახეთში ე.წ. ცხელების ცენტრებმა პაციენტების მიღება დღეიდან დაიწყეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში ამ ეტაპზე 14 პაციენტის ანალიზია გაგზავნილი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. მისი თქმით, ამ ადამიანებს აღენიშნებათ ტემპერატურის მატება.

„ეს ადამიანები არც თვითიზოლაციიდან და არც საკარანტინო სივრციდან არ არიან გადმოყვანილი. მათ ბინაზე თავი შეუძლოდ იგრძნეს და სტაციონარში გადმოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა არის საშუალოზე მსუბუქი, მაინც ავუღეთ ანალიზი და ლაბორატორიიდან ხვალ მივიღებთ პასუხს“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთში 19 საკარანტინო სივრცეში ამ ეტაპზე 494 ადამიანი იმყოფება.