კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 45 კონტაქტის და კიდევ რამდენიმე პირის ტესტირების პასუხებს ხვალ ელოდებიან
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 45 კონტაქტის და კიდევ რამდენიმე პირის ტესტირების პასუხებს ხვალ ელოდებიან

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტიდან 45 პირის ტესტირების პასუხს ხვალ ელოდებიან. ასევე, ხვალ გახდება ცნობილი თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთნის მეუღლისა და მისი სამი მეზობლის ტესტირების პასუხებიც, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში სოფელ ნუკრიანიდან გაიგზავნა.

ასევე, ელოდებიან მედპერსონალის, ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტების, საკარანტინე სივრცეებში მყოფი მოქალაქეების ტესტირების პასუხს.

„კახეთის რეგიონიდან ორი თვის განმავლობაში კორონავირუსზე 988 მოქალაქის ანალიზის ნიმუში გაიგზავნა, მათ შორის 403 მედიკოსს ეკუთვნის, „კოვიდ-19“-ზე პისიარტესტით კვლევა კახეთში აბსოლუტურად ყველა მედპერსონალს ჩაუტარდება“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

კახეთში მასობრივი თერმოსკრინინგის აქცია გრძელდება. სამი დღის განმავლობაში გურჯაანის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში თერმოსკრინინგი უკვე 20 000 ადამიანს ჩაუტარდა.

თერმოსკრინიგი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჩაუტარდება.