კახეთსა და ქვემო ქართლში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები პირველი მაისიდან ამოქმედდება და ფერმერებს უსასყიდლოდ მოემსახურება
კახეთსა და ქვემო ქართლში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები პირველი მაისიდან ამოქმედდება და ფერმერებს უსასყიდლოდ მოემსახურება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები პირველი მაისიდან ამოქმედდება.

უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფერმერებს საშუალება აქვთ, შეუფერხებლად ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით.

„სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ მეცხვარეთა ასოციაციასთან.

ქვეყნის მასშტაბით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში უახლესი სტანდარტების ექვსი ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყების სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.