კახეთის საოლქო კომისიის მონაცემებით, 12:00 საათისთვის კახეთის ოთხ რაიონში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია
კახეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის ოთხ რაიონში ამომრჩეველთა აქტივობა 2-3 პროცენტით არის გაზრდილი.
გურჯაანის მე-12 ოლქში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 11 004-მა მოქალაქემ, რაც ამ ოლქის საერთო ამომრჩევლის 20,94% პროცენტია. ეს კი, 3%-ით მეტია პირველი ტურის 12:00 საათის მდგომარეობასთან შედარებით.
საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, 8 745-მა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც აღნიშნული ოლქის საერთო ამომრჩევლის 18,85 პროცენტია. პირველი ტურის ანალოგიურ პერიოდში კი, საგარეჯოს ოლქში ამომრჩეველთა 15,05 პროცენტს ჰქონდა არჩევანი დაფიქსირებული.
დედოფლისწყაროს მე-14 საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, 19,46 %-მა გააკეთა არჩევანი რაც 4 144 ამომრჩეველია. პირველ ტურთან შედარებით, ამ ოლქში აქტივობა თითქმის 3%-ით არის გაზრდილი
პირველ ტურთან შედარებით, 1 000 კაცით არის გაზრდილი ამომრჩეველთა აქტივობა სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში, სადაც 12:00 საათის მონაცემებით საკუთარი პოზიცია 6 286-მა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა. ეს ამ ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20,96% პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება საჩივრებსა და დარღვევებს, სიღნაღისა და საგარეჯოს ოლქების საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის შესული.
გურჯაანის ოლქში ორი საჩივარი შევიდა. საჩივრები 26-ე და 43-ე საარჩევნო უბნებზე დაიწერა. ორივე მათგანი „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლებმა დაწერეს და ორივეში საუბარია, რომ ხმის მიცემის კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს ბიულეტენი არ ჰქონდა გადაკეცილი და საკუთარი არჩევანი ერთ-ერთ დამკვირვებელს ანახა.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს მე-14 საარჩევნო ოლქს, აქ რამდენიმე უბანზეა საჩივარი დაწერილი. კერძოდ მე-3, მე-4, მე-14, მე-16, მე-17 და მე-19 საარჩევნო უბნებზე. ამ უკანასკნელის გარდა, ყველა საჩივარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაწერეს და ისინი ძირითადად უბნის გარეთ აგიტაციის, უბანზე შუქის გათიშვასა და სარეგისტრაციო სიაზე დაკვირვების უფლების ვერ განხორციელებას ეხება.
მე-19 საარჩევნო უბანზე კი, საჩივარი ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფიქსირა. საჩივარში აღნიშნულია, რომ ოთახის სივიწროვის გამო, დამკვირვებელს საშუალება არ ეძლევა, რეგისტრატორს უკან დაუდგეს და ისე დააკვირდეს პროცესს.