კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ათი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ათი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

კახეთის ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი საეჭვო სიმპტომების მქონე ათი პაციენტის ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეიდან კახეთის ყველა სოფელსა და ქალაქში იმ მოქალაქეების მონიტორინგი იწყება, რომლებიც ბოლო დღეებში ჩამოვიდნენ რეგიონში.

„ჯანდაცვის წარმომადგენლების, ადგილობრივი მერიისა და სოფლის ექიმების დახმარებით შევისწავლით ეს ადამიანები საიდან ჩამოვიდნენ, ხომ არ არიან რისკის მქონე დასახლებიდან. გამოვიკითხავთ, აღენიშნებათ თუ არა ვირუსისთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი. შევისწავლით მათ კონტაქტებს და კითხვარის გამოყენებით ყველა იმ ინფორმაციას მოვიძიებთ, რაც გამოგვადგება პრრვენციისთვის. სრული სურათი სავარაუდოდ სამშაბათს გვექნება“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღეს კახეთის რეგიონიდან 20-მდე საეჭვო სიმპტომის მქონე პაციენტის ნიმუში გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, რომელზეც პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

კახეთში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე, ხოლო 10 საკარანტინო სივრცეში 621 პირი იმყოფება.