კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 241 ნიმუშის პასუხი უარყოფითია
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 241 ნიმუშის პასუხი უარყოფითია

დედოფლისწყაროში მცხოვრები, კორონავირუსით ინფიცირებული საერთაშორისო გადაზიდვების ავტომობილის მძღოლი გამოჯანმრთელდა.

„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, მას უკვე შეუძლია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ინფიცირება არ დაუდასტურდათ მძღოლის ოჯახის წევრებს, თუმცა საკარანტინო ზონაში ორი კვირა მათაც მოუწიათ ყოფნა“, – განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მარიეტა გონაშვილმა.

რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ორი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს, ყველა კონტაქტის საბოლოო ტესტირების შედეგი უარყოფითია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ამბობს, კონტაქტში მყოფ 15 ადამიანს, რომელთა შორის იყვენენ როგორც მედიცინის მუშაკები, ასევე კლინიკის დაცვის თანამშრომლები, ბოლო კვლევითაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსი და კარანტინში ყოფნის სავალდებულო ორკვირიანი ვადაც ამოეწურათ.

ისინი საკარანტინო ზონას დღის განმავლობაში დატოვებენ. ხიზანიშვილის თქმით, კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 241 ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია.

კარანტინის სამ ლოკაციაზე ამჟამად 87 მოქალაქე იმყოფება, თვითოზოლაციაში კი არც ერთი პირი არ არის.