კახაბერ ქემოკლიძე – პოლიტიკოსები პოლიტიკით უნდა დაკავდნენ და არა პროვოკაციებით

18:38, 23.09.2021

პოლიტიკოსები პოლიტიკით უნდა დაკავდნენ და არა პროვოკაციებით. ევროკავშირის ოფისთან რომ მსგავსი ტიპის რაღაცები ხდება, ეს არის უბრალოდ მიუღებელი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახაბერ ქემოკლიძემ ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია მიუღებელია.

„ქართული პოლიტიკური პროცესი მსგავსი ცირკით და მასკარადით უნდა დასრულდეს 2 ოქტომბერს, ცვლილების არჩევნებზე, ეს ყველამ უნდა გაიგოს. ზოგადად, ევროკავშირის ოფისთან რომ მსგავსი ტიპის რაღაცები ხდება, ეს არის უბრალოდ მიუღებელი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია მიუღებელია. პოლიტიკოსები პოლიტიკით უნდა დაკავდნენ და არა პროვოკაციებით. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას. წინასაარჩევნო გარემო არის მძიმე, ამის ნათელი დადასტურება იყო ის, რაც მოხდა ქვემო ქართლში და ბოლოს რუსთავშიც. ზოგადად, მთელი ამ თვეების და კვირების განმავლობაში ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან ძალიან ბევრ ადამიანზე ხორციელდებოდა დიდი წნეხი. ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, აუცილებელია ცვლილება“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დაწყებამდე ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ. ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, და რაღა დაგიმალოთ, ძალიან თავს ვიკავებ, რომ თქვენთან საუბრის ნაცვლად, ამ ადამიანს ახლა რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. ადამიანი, რომელიც საუბრობს, თითქოს დმანისში პროვოკაცია ჩვენ მოვაწყვეთ, გესმით? ანუ, თურმე სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა ოპოზიციამ თავად, ამ მარაზმს უნდა დაესვას წერტილი“. ამის შემდეგ მელია კობახიძესთან მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი