კახაბერ ჭიჭინაძე - მე თქვენი წიაღიდან ვარ და ვიცი ოფლის ფასი, რომელიც მიწას ეპკურება, უსამართლობის ფასიც პირადად მაქვს განცდილი
მე თქვენი წიაღიდან ვარ და ვიცი ოფლის ფასი, რომელიც მიწას ეპკურება და უსამართლობის ფასიც პირადად მაქვს განცდილი, ასეთ ადამიანს კი, ვისაც ამ ყველაფერთან პირადი შეხება ჰქონია, სხვისი შრომა, უსამართლობა და ტკივილი პირდაპირ გულთან მიაქვს, – ასე მიმართა ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახაბერ ჭიჭინაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„ამ სიტუაციებისთვის კაბინეტიდან არასდროს მიცქერია და წინასაარჩევნოდ არ მიპოზიორია, თუ რა კარგია ჩვენი მშრომელები, მოხუცები და პენსიონერები, რაც უკვე წინასაარჩევნოდ დადგმულ სცენებად იქცა. ნუ გეშინიათ ახალი სახეების. გამოგვიცხადეთ ნდობა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სწორი სტარტია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყებად, კახაბერ ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე აუცილებლობამ მიიყვანა, რადგან ქვეყანას ძალიან უჭირს.
„25-ვე კანდიდატს რომ გადავხედოთ, მათი უმეტესობა კომუნისტების დროიდან ხელისუფლებაშია, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ და პირდაპირ ვიტყვი, რა უნიჭოებიც იყვნენ, ისეთივე უნიჭოები დარჩნენ. ხე ნაყოფით შეიცნობა და მათ ქმედებაზე ნაყოფით უნდა ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის ეკონომიკურ ხედვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უფრო დამოუკიდებლობისკენ იხრება, მაგრამ მაინც შერეული ეკონომიკის მომხრეა.
„ეროვნულ დარგებთან დაკავშირებით, სრული ამნისტიის, ანუ სრული ხელშეწყობის მომხრე ვარ, რადგან ჩვენ ეროვნული დარგების განვითარებას ხელი ყველანაირად უნდა შევუწყოთ და არანაირი გადასახადი არ უნდა არსებობდეს. საერთოდ, ადგილობრივ წარმოებას, მცირე მეწარმეებს ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში კატეგორიულად უნდა აიკრძალოს სოფლის მეურნეობის გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული პროდუქციის იმპორტი, რაც ასე ფართოდ შემოდის.
„მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ 2020 წლიდან უცხოეთიდან შემოტანილ კარტოფილის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება და მისი შემოტანა შეიზღუდება, ჩვენი ფერმერი ამას მესიჯად მიიღებს და ამ პროდუქტის მოყვანაზე გადაეწყობა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, იმდენი პროდუქცია დაგროვდეს, რომ ფასმა დაიკლოს“, – განაცხადა კახაბერ ჭიჭინაძემ.