უნდა მოხდეს აღრიცხვა, ადამიანები რომელი საათიდან რომელ საათამდე მუშაობენ და ა.შ, რაც სავსებით განხორციელებადია, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა კახაბერ ჭიჭინაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„ფიქტობრივად, გვაქვს კანონი, რომელიც არ მუშაობს, არავითარი კონტროლი არ არსებობს და დასაქმებულთა უფლებების დაცვა არ ხდება. რვასაათიანი სამუშაო დღის ვადა დარღვეულია და ადამიანებს მუშაობა 10-12 საათის განმავლობაში უწევთ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ სფეროში სერიოზული სამუშაოა, რომ ეს ყველაფერი კონტროლირებადი იყოს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
ამ განცხადებით კახაბერ ჭიჭინაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას უწუნებს პრეზიდენტობის კანდიდატი დღევანდელ შრომის კოდექსს, რატომ ითხოვს მის გადახედვას და რა კონკრეტული ინიციატივა აქვს ამ მიმართულებით.
დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, ბესარიონ თედიაშვილის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება, თამაშობს თუ არა რუსეთი ამ პრობლემის მოგვარებაში რამე როლს და შეუძლია თუ არა ამ ქვეყანას პროცესში დადებითი როლის შესრულება, კახაბერ ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ნეიტრალიტეტის შემთხვევაშია შესაძლებელი.
„რომელიმე სამხედრო დაჯგუფებაში შესვლით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება. მაგალითი გვაქვს, როცა ნატო-ს წევრი თურქეთის მიერ კვიპროსის ტერიტორიაზე შეჭრა მოხდა, მაგრამ ნატო-მ ასევე მისი წევრი საბერძნეთი თურქეთის ე.წ აგრესიისგან ვერ დაიცვა. ამიტომ, ნატო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მექანიზმი არ არის. ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა გვჭირდება და გვჭირდება ზესახელმწიფოების დარწმუნება, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი მათთვის საინტერესო და მეტის მომტანი იქნება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, ამაში უკვე ჩინეთიც დაინტერესებულია და ევროპაც, რუსეთმა კი, ტონი შეცვალა.
„საქართველო-აზერბაიჯანი უნდა იყოს სამხრეთის მშვიდობიანი დერეფანი და მომავალში, ვთქვათ, რელიგიური ომი, ან რაღაც კონფლიქტი რომ იყოს, ჩვენ მათ მივცემთ მაგალითს, რომ ეს ორი, ქრისტიანული და მუსლიმანური ქვეყანა ერთად, მშვიდობიან, ნეიტრალურ ტერიტორიას წარმოადგენენ. ეს ბუფერული ზონა ისევ და ისევ რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის და ევროპის უსაფრთხოებისთვის უნდა შეიქმნას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
კახაბერ ჭიჭინაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მიგრანტების შემოდინება სრულიად უკონტროლოდ ხდება და ეს აუცილებლად უნდა შეიზღუდოს.