კახა ოქრიაშვილი - სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა, მომავალშიც თუ ამგვარად გაგრძელდა, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება
კახა ოქრიაშვილი - სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა, მომავალშიც თუ ამგვარად გაგრძელდა, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება

მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობის გრძნობასთან დაკავშირებული კითხვა, არა მისი, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მისამართით უნდა დაისვას.

ამასთან, ოქრიაშვილის აზრით, თუ პოლიტიკური პროცესები მომავალშიც ამგვარად განვითარდება, ის რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება.

„მე ვარ დეპუტატი, მე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ ვარ. მე ჩემს ქმედებებზე ვიღებ პასუხისმგებლობას. მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, აგრეთვე საპრეზიდენტო მმართველობას. ეს ჩემი ჩამოყალიბებული ხედვაა და ჩემს ხედვებზე პასუხისმგებელი ვარ. რა თქმა უნდა, სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა. თუ ეს პროცესები მომავალშიც ამგვარად განვითარდა, ვფიქრობ, რომ რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება“ ,- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

უწყების ცნობით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.

სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რამდენიმე მოქალაქემ.