კახა კუკავას პარტიის ორგანიზებით, კონფერენცია „მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია 2020“ გაიმართა
კახა კუკავას პარტიის ორგანიზებით, კონფერენცია „მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია 2020“ გაიმართა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ორგანიზებით, კონფერენცია „მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია 2020“ გაიმართა.

კონფერენციაზე საარჩევნო გარემოს ცვლილების შესახებ სასაუბროდ შეიკრიბნენ არასაპარლამენტო ოპოზიცია, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

თავდაპირველად მათ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავამ განსახორციელებელი ცვლილებების ჩამონათვალი გააცნო, რომელშიც მისი თქმით, გათვალისწინებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები. მათ შორის საუბარია საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესებზე.

„ჩვენი განხილვის თემა არის საარჩევნო რეფორმის ცვლილება 2020 წლამდე დარჩენილ პერიოდში. ეს შეეხება რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებას, აგრეთვე სხვა საკითხებს, რასაც აყენებს ეუთო, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, მედიაში საარჩევნო კამპანიის გაშუქებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესები, ამომრჩევლის მოსყიდვა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

როგორც კუკავამ განაცხადა, საკითხის ირგვლივ შეხვედრები კვლავ გაიმართება და მას შემდეგ, რაც პოზიციები შეჯერდება, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართავენ.

კონფერენციაზე მიწვეულებს შორის არ იყვნენ საპარლამენტო ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.