კახა კუკავა - როგორ უნდა მოვითხოვო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იმ ხალხთან ერთად, რომელმაც თავის დროზე, ამ მოთხოვნის გამო რეზინის ტყვიებიც გვესროლა და წყლის ჭავლიც მოგვიშვირა
კახა კუკავა - როგორ უნდა მოვითხოვო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იმ ხალხთან ერთად, რომელმაც თავის დროზე, ამ მოთხოვნის გამო რეზინის ტყვიებიც გვესროლა და წყლის ჭავლიც მოგვიშვირა

როგორ უნდა მოვითხოვო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იმ ხალხთან ერთად, რომელმაც თავის დროზე, ამ მოთხოვნის გამო, პირადად მე და ჩემს მეგობრებს რეზინის ტყვიებიც გვესროლა და წყლის ჭავლიც მოგვიშვირა, – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„2007 წელს ამას ვითხოვდით, მეტს კი არაფერს და რუსეთის და პუტინის აგენტებს სწორედ ამის გამო გვეძახდნენ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეკრებაში არ ვმონაწილეობდით, რადგან ჩვენ დისტანცია გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მას, როგორც პოლიტიკურ პარტნიორს, არ განვიხილავთ. შეკრებაზე დასწრება ყოველთვის პოლიტიკური აქტია. ამ შეკრებაზე კი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორები მრავლად იყვნენ წარმოდგენილი“, – განაცხადა კუკავამ.

ამ განცხადებით კახა კუკავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ მივიდა ის ოპოზიციის დღევანდელ შეკრებაზე და როგორ აფასებს ოპოზიციის შეთანხმებასა და სამპუნქტიან მოთხოვნებს, სადაც პირველი მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა.

მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ “თავისუფალი საქართველო“ იგნორირებას უკეთებს იმ 600 000 ადამიანს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ აირჩია.

„არ ვფიქრობ, ხომ ხელისუფლებამ ამ ადამიანებს ნახირი უნდა უძახოს. ეს ხელისუფლების სერიოზული შეცდომაა, მაგრამ ჩვენ მათ პარტნიორებად არ განვიხილავთ. მიმაჩნია, რომ საქართველოში, ამ კრიზისიდან გამოსავლის გასაღები არც იმ 600 000 კაცშია, ვინც მხარი დღევანდელ ხელისუფლებას დაუჭირა და არც იმ 600 000 კაცში, ვინც წინა ხელისუფლებას მისტირის. ვფიქრობ, გამოსავალი სწორედ იმ მილიონამდე ამომრჩეველშია, რომელმაც ხმა ან სხვადასხვა პარტიაზე გადაანაწილა, ან, სახლში დარჩა“, – განაცხადა კუკავამ.

როგორც კუკავამ აღნიშნა, საარჩევნო სისტემა აუცილებლად შეიცვლება და ეს იქნება არა მარტო ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო და საშინაო ზეწოლის ერთობლივი, კუმლატიური ეფექტი.

„ეს აუცილებლად მოხდება და მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ჩაყოლას ჩათრევა სჯობს. ყველას შევახსენებ, რომ ამ გზით სიარული, ოპოზიციის მოთხოვნების მუდმივად იგნორირება, ჩიხია. მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა 2007 წელს მაჟორიტარული სისტემის შეცვლას ვითხოვდი, პარლამენტის წევრი ვიყავი და როგორ ყვიროდა ბოკერია, რომ ეს პუტინის გეგმაა. ესე იგი, მაჟორიტარული სისტემა რომ პროპორციულით შეგვეცვალა, მაშინ ბოკერია მიიჩნევდა, რომ ეს პუტინის გეგმა იყო“, – განაცხადა კახა კუკავამ.