კახა კუკავა - რა დასამალია, რომ სატელევიზიო არხების პრიორიტეტი ვაშაძე-ბაქრაძე-ზურაბიშვილია
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის არხმა დაბლოკა და ეთერში არ გადის ჩვენი კლიპი, სადაც ვთქვი, რომ სახელმწიფოსთვის საფრთხეა ათეულ ათასობით მიგრანტი, რომელსაც ის იღებს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ქვეყანა, რომელიც 21-ე საუკუნეში გაქრობის ზღვარზეა, ირანიდან, თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან 80 000 მიგრანტს კი არ უნდა იღებდეს, არამედ მრავალშვილიან ოჯახებს უნდა ეხმარებოდეს. აჭარის ტელევიზიამ ჩათვალა, რომ ეს ქსენოფობიური კლიპია. კლიპი ახლა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშია განხილვაზე და დადებითი თუ უარყოფითი პასუხი ალბათ, 29 ოქტომბერს მოვა“, – განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, ტელეკომპანია „მაესტროსთან“ და „იმედთან“ შედარებით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი ფრთიანი ანგელოზია“, მაგრამ მას სურს, კანდიდატების დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს საზოგადოებრივ არხს ისეთივე სტრატეგია ჰქონდეს, როგორიც ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის მაუწყებელს აქვს.
„მაგალითად, მე მონაწილეობას მივიღებ ბაქრაძესთან დებატებში და ამისთვისაც დიდი მადლობა, მაგრამ მონაწილეობას ვერ მივიღებ ვერც ვაშაძესთან და ვერც ზურაბიშვილთან. გავიგე, რომ ეს წილისყრამ დაადგინა, მაგრამ როცა ევროპულ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ასეთი საკითხები იქ წილისყრით ხდება? ამ კრიტიკას თქვენ თავზე ნუ იღებთ, რადგან ეს მთლიანად ქვეყანაში არსებული კლიმატია. რა, დასამალია, რომ ამ არხის, ან სხვა არხების პრიორიტეტი ვაშაძე-ბაქრაძე-ზურაბიშვილია“, – განაცხადა კუკავამ.
კახა კუკავამ ასევე განაცხადა, რომ მართალია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერში ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაკა ცინცაძის გადაცემაში მეორედ იმყოფება. მისი თქმით, ეს სულ არაფერს ჯობია, მაგრამ ძალიან შორია იმ ევროპული სტანდარტებისგან, რასაც ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მიაღწიეს.