კახა კუკავა - ტელემაყურებელმა განსაჯოს, აქვთ თუ არა „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და სხვებს მორალური უფლება, ისაუბრონ, რომ ვიღაც „ოცნების“ სატელიტია
კახა კუკავა - ტელემაყურებელმა განსაჯოს, აქვთ თუ არა „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და სხვებს მორალური უფლება, ისაუბრონ, რომ ვიღაც „ოცნების“ სატელიტია

ტელემაყურებელმა განსაჯოს, აქვთ თუ არა „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და სხვებს ამ თემაზე საუბრის მორალური უფლება, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ისინი იყვნენ თანამდებობებზე, იყვნენ ფრაქციების და კომიტეტების თავმჯდომარეები, მინისტრები და მათი პარტიები მრავალმილიონიან დაფინანსებას იღებდნენ პირადად ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან; წინააღმდეგი იყვნენ საარჩევნო სისტემის ნებისმიერი რეფორმისა მაშინ, როცა ჩვენ ამას პარლამენტის გარედან ვითხოვდით და დღეს, ეს ხალხი საუბრობს იმაზე, რომ თურმე, ვიღაც სხვა არის „ოცნების“ სატელიტი“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, მიუღებელია დავით ბერძენიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამჯდარიყო, რადგან იქ ირაკლი კობახიძე იჯდა. 

„განსაკუთრებით განსაცვიფრებელია ის, რომ ამას ის ადამიანი გვეუბნება, რომელიც სამი წელი ჯაბა იოსელიანის მრჩეველთა საბჭოში იჯდა მაშინ, როცა ზვიად გამსახურდიას რაკეტები დაუშინეს, ქვეყნიდან გააგდეს და რუსთაველი გადაწვეს. ესე იგი, მაშინ, სამოქალაქო ომისა და რუსეთის ინტერვენციის პირობებში, როცა ქვეყანას ცეცხლი ეკიდა, თურმე, ჯაბასთან და კიტოვანთან ჯდომა შეიძლებოდა, დღეს კი, ჩვენი ოპოზიცია ხელისუფლებასთან არ უნდა დაჯდეს. იმიტომ, რომ ვიღაცას ჩუგოშვილი არ მოსწონს და ვიღაცას კობახიძე“, – განაცხადა კუკავამ.

კუკავამ ასევე განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, განსაკუთრებით, დაბალი ბარიერის პირობებში, იმას ნიშნავს, რომ არსებობს აბსოლუტური გარანტია, 2020 წელს ერთპარტიული უმრავლესობა ვერ შექმნას ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაც მოსალოცი ამბავია.

„პროპორციულ სისტემა, დაბალი ბარიერის პირობებში, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ პოლიტიკაში და მათ შორის, პარლამენტში „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მონოპოლია დამთავრდება. აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს და დღეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაზე აქვს გლოვა გამოცხადებული. სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრდა, როგორც მონოპოლისტი ოპოზიციაში“, – განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, რეალობა არის ის, რომ პოლიტიკური ძალების ერთ ნაწილს ამსტერდამიდან მიღებული აქვს დავალება, რამენაირად მოხდეს ვითარების ესკალაცია და ქვეყანა არ მივიდეს იმ ვითარებამდე, როდესაც პროპორციული სისტემა კონსტიტუციაში ჩაბეტონდება.

„ამიტომ, ვფიქრობ, ქვეყანაში კიდევ იქნება მოსალოდნელი ახალი დაძაბულობის კერები და ამისთვის მზად უნდა იყოს ხელისუფლება, ოპოზიციის პასუხისმგებლიანი ნაწილი და ჩვენი საზოგადოება. უნდა გვესმოდეს, რომ სადმე თუ ნაპერწკალი გაჩნდება, ნავთი კი არ უნდა მივასხათ, პირიქით, უნდა შევეცადოთ, წყალი მივასხათ და ხანძარი ჩავაქროთ. ერთადერთი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას არ გაანადგურებს და ხელისუფლებას ისე შეცვლის, ეს პროპორციული არჩევნებია, ხოლო ამ გზის ნებისმიერი სხვა ალტერნატივა 92 წელში დაბრუნებაა“, – განაცხადა კახა კუკავამ.