კახა კუკავა - მინდა, გამოვიდე იდეით და არასაპარლამენტო პარტიებს მოვუწოდო, რვიანი აღვადგინოთ
კახა კუკავა - მინდა, გამოვიდე იდეით და არასაპარლამენტო პარტიებს მოვუწოდო, რვიანი აღვადგინოთ

თქვენ ეთერში მინდა, გამოვიდე იდეით და არასაპარლამენტო პარტიებს მოვუწოდო, რვიანი აღვადგინოთ, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ეს იყოს არა ბლოკი და კოალიცია, არამედ პარტიებს შორის თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა და, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვდა. მიმაჩნია, რომ თუ ამ რვიანში არასაპარლამენტო პარტიები გაერთიანდებიან, ამ მოთხოვნებს უფრო მეტი ლეგიტიმაცია და ძალა ექნება“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, ორპოლუსიანი დაპირისპირება ჩიხია და ქვეყანას მესამე, ჯანსაღი ცენტრის გაჩენა სჭირდება, რომელიც პოლიტიკურ პროცესში კონსტრუქციული ელემენტის შემომტანი იქნება.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გარკვეული ჯგუფი შეიკრიბება – რვიანი იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც არც ერთ ბანაკში არიან და არც მეორეში. შესაძლოა, პირველ ეტაპზე, ეს ძალიან დიდი ჯგუფი არ იყოს. ვაპირებ, ამ ფორმატში მოვიწვიო ყველა პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისა“. ვინ მოვა და ვინ არა, ნამდვილად არ ვიცი, რადგან გულთმისანი არ ვარ“, – განაცხადა კუკავამ.

კუკავამ ასევე განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დღევანდელი კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური გზაა, მაგრამ ჯერ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, რათა ვადამდელი არჩევნების შედეგად ისეთივე მახინჯი და არაადეკვატური პარლამენტი არ მივიღოთ, როგორიც დღეს გვყავს.

„პარლამენტი უნდა ასახავდეს იმ რეალურ მრავალფეროვნებას და პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსს, რაც ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა კახა კუკავამ.