კახა კუკავა - 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თუ მოვახერხეთ, გერმანია ვერ გავხდებით, მაგრამ იქნებ, 1991 წლის ლიტვა გავხდეთ
კახა კუკავა - 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თუ მოვახერხეთ, გერმანია ვერ გავხდებით, მაგრამ იქნებ, 1991 წლის ლიტვა გავხდეთ

მინდა, მივესალმო პოლიტიკური პოლემიკის იმ სტანდარტს და ფორმატს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქმნის, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„პოლიტიკურ დებატებში, რაც უფრო ნაკლები იქნება ცირკისა და სხვა გასართობი სანახაოებების ელემენტები, ვფიქრობ, ამით ქართული პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ მოიგებს“, – განაცხადა კუკავამ.

კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „თავისუფალი საქართველოს“ გუნდმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ და იგივე გააკეთა „შენების მოძრაობამაც“, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ მხარი მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭირა, რითაც შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის პარლამენტშიც ეს რეალობა იქნება.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფოსთვის იდეალური იქნებოდა, არა „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პარტიებს ჰქონდეთ იმდენი საშუალება, რომ მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბონ. 

„დღეს ამაზე საუბარი რთულია. ახლა, გარანტირებულად ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ, ყველა ერთად 50%-ს ავიღებთ, მაგრამ თუ ამის საშუალება არ იქნება, ტრაგედიას არც იმაში ვხედავ, რომ ოპოზიციიდან ძალიან სასარგებლო როლი შევასრულოთ, როგორც მაგალითად, ახლა კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით მოხერხდა. შევეცდებით თემატურ თანამშრომლობას, რომ მოძებნილ იქნას ეროვნული საერთო ნიადაგის საკითხები. პირველ რიგში, ვფიქრობ, სასამართლო და პროკურატურაა ამ ხელისუფლების ყველაზე უფრო ავადმყოფი ადგილი, რომელიც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს და შევეცდებით, ჩვენი მანდატები ამაში გამოვიყენოთ“, – განაცხადა კუკავამ.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, როგორც კი „ქართული ოცნება“ 50%-ს საგრძნობლად ჩამოცდება, მმართველ პარტიის შიგნით მნიშვნელოვანი მენტალური გარდატეხა მოხდება და ახალი ერა დაიწყება, რაც პროპორციული სისტემის მთავარი მონაპოვარია.

„ისინი სხვანაირად შეხედავენ დათოს, სხვანაირად შემხედავენ მე და აღარ დაგვიძახებენ ჭიაღუებს, ჭიანჭველებს, თუ რასაც აქამდე გვეძახდნენ. ეს ნაწილობრივ, შეიცვალა კიდეც ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ 2020 წლიდან მე ამას ველოდები, რომ ჩვენ ერთმანეთს დაახლოებით, ისე მაინც დაველაპარაკებით, როგორც თუნდაც, იტალიაში ელაპარაკებიან, სადაც ყველაზე დიდი სალანძღავი სიტყვა არის – „პოპულისტო“. ისინი ერთმანეთს არ ეძახიან „კრიმინალოს“, „კაგებეშნიკოს“ და ა.შ. ხომ არ მოგისმენიათ, იქ ვინმე ვინმეს ეუბნებოდეს, ათი წლით ციხეში ჩაგალპობო?! დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი რომელიმე პოლიტიკურ ძალას 50 და 90%-ს აღარ მიათხლიშავს და თუ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოვახერხეთ, გერმანია ვერ გავხდებით, მაგრამ იქნებ, 1991 წლის ლიტვა გავხდეთ. ძალიან დიდი ხნის დაგვიანებით, მაგრამ ვფიქრობ, ესეც ისტორიული ნაბიჯი იქნება. არა უბრალოდ წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ისტორიული გარღვევა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახა კუკავამ.