კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება
კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ მარია სასოლისთან. კახა კუჭავა ასევე ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ ოლივერ ვარჰეისთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჯოანა მირჩეასთან.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირში დიდი ინტერესია. მისივე თქმით, მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალური საკითხები.

„იწყება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოადგილეებთან, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ევროკავშირში არის ძალიან დიდი ინტერესი. ბუნებრივია, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესები, ჩვენი პრიორიტეტები, ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალური საკითხები“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ვიზიტი ბრიუსელში 20 მაისამდე გაგრძელდება.