კახა კუჭავამ გაერო-ს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
კახა კუჭავამ გაერო-ს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გაერო-ს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, რომლის თემა იყო „მომავალი მწვანე და ინკლუზიურია“, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

კახა კუჭავამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დანერგილი პრაქტიკა და ინოვაციური მეთოდები გააცნო.

„ვისაუბრეთ მწვანე ეკონომიკაზე, როგორც ეკონომიკური განვითარების იმ მოდელზე, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს, ეკოლოგიურ პრობლემებს და მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ხაზი გაესვა მწვანე ცხოვრების სტილის მნიშვნელობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

კონფერენციის მონაწილეებს გავაცანი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ განვლილი პრაქტიკა და ინოვაციური მეთოდები, როგორიც არის: თემატური მოკვლევის პრაქტიკა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი. აღნიშნული მეთოდები კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში პირველმა დანერგა და ელექტრო-ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლი განახორციელა. აღნიშნული მექანიზმები ხასიათდება გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით, რომელშიც უშუალოდ ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდანაც“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიესალმა კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას საქართველოს პარლამენტის მიერ, მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის განხორციელების საქმეში და ხაზი გაუსვა მათ როლს აღნიშნული პროცესის სათანადოდ წარმართვაში.

კონფერენციის პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.

საერთაშორისო კონფერენციას „ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ გაერო-ს გლობალური შეთანხმებისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით საქართველომ პირველად უმასპინძლა.

ღონისძიება გაიმართა შვედეთის მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.