კახა კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა
კახა კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან, კატი პირისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის თაობაზე, რომლის განხილვაც 14 სექტემბერს ევროპარლამენტში გაიმართა. ასევე, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, წინასაარჩევნოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვისას, კატი პირი იყო საკითხზე მომხსენებელი. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საუბარი. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე მას საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან ვგრძნობთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე არჩევნების დღეს დაცული იყოს კორონავირუსისგან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ევროპარლამენტარმა წარმატებულად შეაფასა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და მიღწეული წარმატება, ასევე, საკონსტიტუციო რეფორმა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები.

კატი პირიმ წარმატებები გვისურვა და გამოთქვა დიდი სურვილი, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლად ჩამოსვლის შესახებ, თუ COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მხრიდან შესაბამისი ნებართვა იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.