კახა კუჭავამ ბადრი ჯაფარიძეს მიმართა - ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით ერთად ვიმსჯელოთ და მოვამზადოთ პროექტი, არ მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს
კახა კუჭავამ ბადრი ჯაფარიძეს მიმართა - ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით ერთად ვიმსჯელოთ და მოვამზადოთ პროექტი, არ მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ძალადობასა და სანქციასთან დაკავშირებით „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ბადრი ჯაფარიძის ინიციატივას პასუხობს და აცხადებს, რომ ამაზე ერთობლივად უნდა იმსჯელონ.

როგორც კუჭავა ამბობს, არ ჰგონია, ვინმე ამის წინააღმდეგი იყოს.

„ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ და არ მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს, რომ ერთხელ და საბოლოოდ აღიკვეთოს სასესიო დარბაზში ძალადობები, მათ შორის ვგულისხმობ მანდატურების წინააღმდეგ ძალადობებს. ვნახეთ კადრები, როგორ ექცევიან დეპუტატები მანდატურებს. ერთად შეგვიძლია, მივიღოთ სანქციები. ცალმხრივად რომ არ გამოვიდეს, გთავაზობთ, მოვამზადოთ გარკვეული პროექტი, იქნება ეს რეგლამენტში ცვლილება თუ შიდა განაწესი. ამისთვის აგვისტოს თვე საკმარისია, რათა სექტემბრიდან უკვე ამუშავდეს. ქალბატონ ხატიაზე კადრები რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები წარმოუდგენლად მიუღებელი. ვიცი, დაწყებულია გამოძიება და მივადევნებთ თვალყურს, როგორ გაგრძელდება პროცესი. ფაქტია, არ შეიძლება მსგავს ქმედებებს არ ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება, რომ ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს თუნდაც ქუჩაში მსგავსი ფორმის ქმედება, მით უმეტეს, როცა ინტერვიუს აძლევდნენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.