კახა კუჭავა - ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, იმოქმედოს კანონების შესაბამისად, ყველანაირი ქმედება უნდა იყოს კანონის ფარგლებში
კახა კუჭავა - ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, იმოქმედოს კანონების შესაბამისად, ყველანაირი ქმედება უნდა იყოს კანონის ფარგლებში

„ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, აქ არის კანონები, რომელიც მოქმედებს და ნებისმიერი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ იქნება თუ სხვა, ვალდებულია, იმოქმედოს კანონების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

აღნიშნულით კუჭავამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ქართული ოცნება“ ხომ არ მისცემს შესაძლებლობას სააკაშვილს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

„რა თქმა უნდა, ყველანაირი ქმედება უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ხოლო უკანონოდ, ხელისუფლება არ დაუშვებს არა მხოლოდ რაიმე ქმედებას, არამედ გადაადგილებას, ასევე დაპირისპირებას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა მიეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვიდეს საქართველოში და ჰქონდეს ურთიერთობა მხარდამჭერებთან.

„უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენ მხარდამჭერებთან, ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.