კახა კუჭავა - ყველა სიტყვა უძლურია, ვგლოვობთ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები
კახა კუჭავა - ყველა სიტყვა უძლურია, ვგლოვობთ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ყველა სიტყვა უძლურია. ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს“, – აცხადებს კახა კუჭავა.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ხუთი ცხედარი მაშველებმა სამძებრო-სამუშაოების შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ნანგრევებიდან გუშინ გვიან ღამით ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ბათუმში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დატოვე კომენტარი