კახა კუჭავა - ვალდებულნი ვართ, გავამართლოთ საზოგადოების ნდობა და ღირსეულად ვატაროთ პასუხისმგებლობის ტვირთი, შემდეგი სამი წელი უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას და რეფორმებს
კახა კუჭავა - ვალდებულნი ვართ, გავამართლოთ საზოგადოების ნდობა და ღირსეულად ვატაროთ პასუხისმგებლობის ტვირთი, შემდეგი სამი წელი უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას და რეფორმებს

მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ჩვენ ვალდებულნი ვართ გავამართლოთ ეს ნდობა და ღირსეულად ვატაროთ პასუხისმგებლობის ტვირთი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს თავის წვლილი შეაქვს საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, ვინ რა პროფესიის წარმომადგენელია. დღეს ჩვენ ამ ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომლებიც ერთად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. მე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე. პატივისცემის, სიყვარულის, მიტევების, ჩვენი ისტორიის და კულტურის საწყისებზე და ყველაზე მთავარი რაც ვისწავლე ნარის ის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უნდა ვაკეთებდეთ გულით. ვიყოთ მართალი საკუთარ თავთან და საკუთარ ხალხთან. ვაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას და მომავალს წაადგება. ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, ყველა რეგიონი, ყველა მუნიციპალიტეტი. უნიკალური, გამორჩეული, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე სამშობლო გვაქვს“, – განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტის არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის და ახლის შექმნისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უმნიშვნელოვანესია.

„საქართველო ვერ იქნება ძლიერი თუ არ იქნება ძლიერი თბილისი და ძლიერი რეგიონები. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ თითოეულმა დაინტერესებულმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის ის მიდგომა, რაც ძალიან სჭირდება რეგიონების განვითარებას. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, მათი ინტელექტი, ახალგაზრდული ჟინი, მოტივაცია და ენერგია ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენონ და მაქსიმალურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც ყველას ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება. ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი და ღირებულება ყოველთვის იყო ადამიანი და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ თითოეულმა ადამიანმა სწორედ ჩვენს ქვეყანაში შეძლოს თავისი თავის რეალიზება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში და მათი შრომა გახდეს დაფასებული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი თავის მხრივ ყოველთვის იქნება, როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით.

„დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტი თავის მხრივ ყოველთვის იქნება როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და განვითარებას. ქართული ოცნების პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა. ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანია. ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზაა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, აშშ-სთან, ნატო-სთან სტრატეგიული პარტნიორობა. დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი მიზანია დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების. გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, რომელიც სამწუხაროდ განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და აუცილებელია, რომ მათთან გამკლავება იყოს ბრძოლის მთავარი მიზანი“, – განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავა აცხადებს, რომ შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას და რეფორმებს, როგორც დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანას, ისე ახალი რეფორმების დაწყებას.

„რა თქმა უნდა, მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ოკუპაცია. მე მინდა მივესალმო ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს და დებს და დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთად გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ. საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველას გვინდა ვიხილოთ გაერთიანებული, ძლიერი, მიზანდასახული, შეუპოვარი და რაც მთავარია გამარჯვებული საქართველო და ეს შეუძლებელია, თუ არ ვიდგებით ერთად. დიახაც, ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა იმ წინაპრების და გმირების სახელით, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლას. ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი, მსოფლიოში გამორჩეული ისტორიის, კულტურის, რწმენის და ევროპული მომავლის მქონე, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. მაშინაც, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება ჩვენ დიდ გუნდთან ერთად დამეწყო პოლიტიკური საქმიანობა ვთვლიდი და დღესაც დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. მოგიწოდებთ ყველას მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ. მე მჯერა, რომ 30 ოქტომბერი „ქართული ოცნების“, ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება იქნება გარანტი განვითარების, სტაბილურობის და სიმშვიდის. ჩემი ოცნებაა, ჩემს სამ შვილთან ერთად, ჩვენს შვილებთან ერთად ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად აგვიხდება. ერთად მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე“, – განაცხადა კუჭავამ.