კახა კუჭავა - უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების, გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი
კახა კუჭავა - უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების, გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კუჭავას თქმით, ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ მათი პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ისტორიული არჩევანი და თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა.

კახა კუჭავას განმარტებით, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, სრულიად ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-სთან სტრატეგიული პარტნიორობა.

„დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი მიზანია, დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების. გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, რომელიც, სამწუხაროდ, განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და აუცილებელია, მათთან გამკლავება იყოს ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი. შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას, რეფორმებს – დაწყებული რეფორმების დასრულებას და ახალი რეფორმების დაწყებას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.