კახა კუჭავა - თავისუფლად შეიძლება, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, მანამდე სხდომის მოწვევა არ არის პრაქტიკა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა
კახა კუჭავა - თავისუფლად შეიძლება, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, მანამდე სხდომის მოწვევა არ არის პრაქტიკა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა

მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არ უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელიც თავისუფლად შეიძლება, გაიმართოს ერთი კვირის შემდეგაც, სრული კონცენტრაციით, ყველა დეპუტატის მონაწილეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭვამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით ოპოზიციაშიც არ არის ერთობა.

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სხდომის მოწვევა არ არის ის პრაქტიკა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. არც ახლა მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელიც თავისუფლად შეიძლება, რომ ჩატარდეს ერთი კვირის შემდეგაც სრული კონცენტრაციით, ყველა დეპუტატის მონაწილეობით. ფაქტია, ამ კუთხით ოპოზიციაშიც არ არის ერთობა და ყველა ვერ მოახერხებს დასწრებას, რადგან წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში გაფანტული არიან რეგიონებში, ეს არის მარტივი პასუხი. ამ საკითხზე სხდომა ჩატარდება აუცილებლად, მოსმენაც იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ამ დროისთვის ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ინიციატივას არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“.