კახა კუჭავა - შევეცადეთ, გვეპოვა ფორმა, რომელიც დეპუტატებს საშუალებას მისცემს, გორის ჰოსპიტალში მოინახულონ პატიმარი სააკაშვილი
შევეცადეთ, გვეპოვა ფორმა, რომელიც დეპუტატებს საშუალებას მისცემს, გორის ჰოსპიტალში მოინახულონ პატიმარი სააკაშვილი, – განაცხადა მადრიდში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ დეპუტატებს ადრე მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე პრობლემა არ ჰქონიათ.
„ყოველთვის ჰქონდათ დეპუტატებს საშუალება, ჩვენ გვქონდა ფრაქციებთან კომუნიკაცია და არა მხოლოდ ერთი ან ორი პარტიის, ყველა დეპუტატი, ვისაც სურვილი ჰქონდა, მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ სააკაშვილი. რაც შეეხება ჩემს უფლებამოსილებას, ეს ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს; შესაბამისად, გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას და ამ შემთხვევაში, მოხდა გარკვეული დროით შეფერხება, სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო სამართლებრივად, თუ როგორ გაგრძელდებოდა, შეშვების სამართლებრივი საფუძველი რა იქნებოდა – დეპუტატების შეშვების.
მე ვიცი, რომ დღეს დილიდან შეხვედრა იყო როგორც პარლამენტის მხრიდან – მიხეილ სარჯველაძე, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იყო ოპოზიციის წარმომადგენელიც და როგორც ვიცი, უკვე შეთანხმდნენ იმ ბრძანების ფორმატზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, უკვე შეუფერხებლად შევიდნენ. თუ არ ვცდები, დღეს უკვე მოახერხა ერთმა დეპუტატმა შესვლა ან აპირებს შესვლას – ეს დეტალები აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არასდროს არ ყოფილა შეზღუდვა, ჩანაწერი კანონში რაც არის, იმ ფარგლებში პირდაპირ გორის ჰოსპიტალში შესვლა გამორიცხული იყო, ჩემი უფლებამოსილებით და ბრძანებით განსაზღვრულიყო, ამიტომ შევეცადეთ, გვეპოვა ის ფორმა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მოინახულონ პატიმარი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.