კახა კუჭავა სალომე სამადაშვილს მიმართავს - ერთად ვიმსჯელოთ, რათა შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშა
კახა კუჭავა სალომე სამადაშვილს მიმართავს - ერთად ვიმსჯელოთ, რათა შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშა

ქალბატონო სალომე, დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ, რეაგირებაც შესაბამისი იყო, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, საჭიროა ერთობლივად მსჯელობა სამართლებრივ ნორმაზე, რითაც შესაძლებელი იქნება უფრო ეფექტურად დაცვა ქვეყნის სიმბოლიკის, რომლის ნაწილსაც კუჭავას განცხადებით, წარმოადგენს ევროკავშირის დროშა.

„სამწუხაროდ, არ არსებობს ჩვენთან საკანონმდებლო ბაზა, როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკა, მათ შორის ის სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამას სჯობს, ვიმსჯელოთ, ვინ როგორ დაისაჯოს მსგავსი ქმედების განხორციელებისას და არა ვილაპარაკოთ, ვინ ვის დაახიეს თავზე დროშა.

ძალიან კარგად იცით, როგორიც იყო ამასთან დაკავშირებით რეაგირება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ნუ ცდილობთ, შეურაცხყოთ ის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის – Ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სამწუხაროდ, აქ გამოსვლები არაფერ ხელს არ გაძლევთ. არავინ ამბობს, რომ რაც მოხდა კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება ეს დავიცვათ და ვაგებინოთ პასუხი. ერთად ვიმსჯელოთ ამაზე და თუ საჭიროა, საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ, რათა შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშა, როგორც კონსტიტუციური ნორმა ჩვენი ევროატლანტიკური გზისა. ამიტომ, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ხელს არ აძლევს ქვეყანას, ნამდვილად არ არის მოსაწონი იმ ადამიანებისგან, ვინც ევროინტეგრაციაზე დებთ თავს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.