კახა კუჭავა - ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ მყარი უმრავლესობით მოვალთ
კახა კუჭავა - ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ მყარი უმრავლესობით მოვალთ

ჩვენ ნამდვილად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მყარი უმრავლესობით მოვალთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმ ტენდენციიდან გამომდინარე, როგორც არჩევნები მიდის, ჩვენ ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ უმრავლესობაში მოვალთ. ჩვენი პოზიცია ასეთია – ჩვენ არ ვასახელებთ, ვისთან შეგვიძლია კოალიცია არა იმიტომ, რომ კოალიცია არავისთან არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ დღეს არ ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ შეიძლება, ავიღოთ იმ რაოდენობის ხმები, რომელიც დღის წესრიგში კოალიციის შექმნას დაგვიყენებს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. ერთია, რომ შესაძლოა, ვიფიქროთ, ვისთან შევქმნათ კოალიცია და მეორეა ის რეალობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მყარად ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენ უმრავლესობაში მოვალთ“, – განაცხადა კუჭავამ.

ამ განცხადებით კახა კუჭავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რის საფუძველზე აცხადებს „ქართული ოცნება“, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება არ დადგება და განიხილება თუ არა გუნდში, ვისთან შეიძლება, შექმნას „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია, თუ ამის საჭიროება დადგა. 

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ყველა და მათ შორის, ოპონენტების მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიის ხელმძღვანელობის გარდა სხვა პოლიტიკურ საქმიანობას, რადგან როცა საპარლამენტო რესპუბლიკაზეა საუბარი, ის ოფიციალურადაც ანგარიშვალდებულ თანამდებობაზეა და მაგალითად, უნდა იყოს თუ არა მმართველი პარტიის ლიდერი ამავე დროს პრემიერ-მინისტრი, როგორც ეს ანგლოსაქსურ სამართალშია ფორმალიზებული და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ინგლისის და სხვა ქვეყნების მოშველიება არასწორია, რადგან იქ რადიკალიურად განსხვავებული სისტემებია.

„ბიძინა ივანიშვილი სხვა პოლიტიკურ საქმიანობას რომ აპირებდეს, თვითონ განაცხადებდა ამის შესახებ და ეს ცნობილი იქნებოდა. ის არის პარტიის თავმჯდომარე და ასე არის გადაწყვეტილება. ჩვენ ვერ მოვიშველიებთ ვერც ინგლისს და ვერც გერმანიას. პირდაპირი შედარებისთვის, იქ რადიკალურად განსხვავებული სისტემებია. ინგლისში სავალდებულოა, ყველა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წევრიც კი იყოს. სულ სხვა სისტემაა გერმანიაში, ჩვენ კი ჩვენი სისტემა გვაქვს არჩეული და არ არის სავალდებულო, პარტიის თავმჯდომარე ამავე დროს პრემიერ-მინისტრი იყოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.