კახა კუჭავა - მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც წლების განმავლობაში ვისმენთ, იმედია, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი
კახა კუჭავა - მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც წლების განმავლობაში ვისმენთ, იმედია, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, იმედი აქვს, საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება და ქვეყანა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, ნატო-ს წევრი გახდება.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც წლების განმავლობაში ვისმენთ და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ თვალსაზრისით გააქტიურდა ყველა მაღალი რანგის პოლიტიკოსი. იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება, მალე გავხდებით წევრი, ამას ელოდება ქართველი ხალხი და ქვეყანა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და კიდევ მივიღეთ უმაღლესი შეფასებები, რომ ნატო-ს წევრობას ვიმსახურებთ. იმედია, ეს უმოკლეს პერიოდში მოხდება, იქნება კონკრეტული ნაბიჯები და ის გზა, როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს მალე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ „იუესეი თუდეიში“ გამოქვეყნებულ საავტორო წერილში აცხადებს, რომ პირველ რიგში, სერიოზულად უნდა განიხილონ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი, სულ მცირე, უზრუნველყონ მკაფიო გზა წევრობისკენ.