კახა კუჭავა „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს ხვდება
კახა კუჭავა „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან და დეპუტატებთან ერთად, „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე საუბარი სავარაუდოდ საპენსიო სესხებზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთებს შეეხება.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები არ გაკეთებულა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კახა კუჭავასთან ერთად, შეხვედრაზე იმყოფებიან როგორც მმართველი გუნდის დეპუტატები, ასევე ოპოზიციონერი კანონმდებლები, მათ შორის, ლევან იოსელიანი.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების საკითხზე მსჯელობისკენ პარლამენტს სწორედ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა. ასევე, გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიში განიხილებოდა, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეკითხვები სწორედ „ლიბერთი ბანკისა“ და საპენსიო სესხების გარშემო დაუსვა.