კახა კუჭავა - ისტორიული შედეგია რვა მედალი​, ოლიმპიელების შედეგი არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, გამარჯვებები და კიდევ გამარჯვებები
კახა კუჭავა - ისტორიული შედეგია რვა მედალი​, ოლიმპიელების შედეგი არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, გამარჯვებები და კიდევ გამარჯვებები

ისტორიული შედეგია რვა მედალი​, ოლიმპიელების შედეგი არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, გამარჯვებები და კიდევ გამარჯვებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენ ხართ საქართველოს თითოეული მოქალაქის სიამაყე. ის შედეგი, რაც მოიტანეთ, არის ის, რაც ძალიან სჭირდება საქართველოს – გამარჯვებები, გამარჯვებები და კიდევ ერთხელ გამარჯვებები. ნამდვილად ისტორიული შედეგია რვა მედალი. მახსოვს, როდესაც გაცილებდით, ერთადერთი სურვილი იყო, იქნებ, ჩვენივე შედეგი გაგვეუმჯობესებინა. თქვენ ეს შეძელით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით.

იყო ძალიან ბევრი ემოცია, ძალიან ბევრი ყიჟინა, ემოციები, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება და ამის შემოქმედები ხართ თქვენ. ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის, როგორ შეიძლება, მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა, მონდომებით და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრწყინვალე დასაწყისი კიდევ უფრო დიდი შედეგებისთვის და ბევრჯერ ვიხილავთ აფრიალებულს საქართველოს დროშას, საქართველოს ჰიმნს კი, მთელი მსოფლიო მოისმენს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა გითხრათ, ყოველთვის გვერდში გვიგულეთ. დარწმუნებული ვარ, ერთობით შევძლებთ, საქართველო კიდევ ბევრჯერ ვასახელოთ“, – განაცხადა კუჭავამ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ვერცხლის მედლები ჩამოიტანეს, ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელების ჯილდო კი, 250 000 ლარი იქნება. ოქროს მედლის მფლობელებისთვის დაწესებული ჯილდო მილიონი ლარია.