კახა კუჭავა - იმედია, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე იქნება მიღწეული შეთანხმება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება
კახა კუჭავა - იმედია, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე იქნება მიღწეული შეთანხმება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება

რამდენიმე დღეში მოლაპარაკების მესამე რაუნდი გვექნება. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ საბოლოოდ ის შეთანხმება იქნება მიღწეული, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ფასილიტატორი ელჩების ძალიან დიდი წვლილი და როლი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, კახა კუჭავამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ჩვენ, ყველა გავაგრძელებთ პარლამენტის ფორმატში დებატებს, კამათს და საქმიანობას. წარმოდგენილია კონკრეტული წინადადებები და შეთავაზებები, რომელზეც თქვენთან ვერ ვისაუბრებ. ეს დახურული შეხვედრის ფორმატია. ამიტომ, დაველოდოთ. რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხებზე მიდის მსჯელობა. თუმცა, აქვე ხაზს გავუსვამ, რომ საუბარი რიგაგგარეშე არჩევნებზე არ არის“, – განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მიღწეული იყოს და ოპოზიციას ხელი შევუწყოთ პარლამენტში საქმიანობას დაუბრუნდნენ. ის მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს ამის იმედს ნამდვილად ტოვებს. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, როდესაც გამოცხადდება პარლამენტის პირველი შეკრების თარიღი, ყველა შეიკრიბება და საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებს. მოლაპარაკებების მესამე რაუნდი პარლამენტის შეკრებამდე უნდა გაიმართოს. ეს არის მთავარი მიზანი, რომ შეთანხმება მანამდე იყოს მიღწეული. მოლაპარაკებების მესამე რაუნდის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ეს გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ მესამე რაუნდის შეხვედრა იქნება და საბოლოო დეტალები დაზუსტდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგა“, – განაცხადა კუჭავამ.