კახა კუჭავა - გვქონდა შემთხვევა, როცა შეეცადნენ სასესიო დარბაზის ბლოკირებას, შემოიჭრნენ კიდეც, ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, ავამოქმედო უსაფრთხოების ის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს სხდომის ჩატარებას
კახა კუჭავა - გვქონდა შემთხვევა, როცა შეეცადნენ სასესიო დარბაზის ბლოკირებას, შემოიჭრნენ კიდეც, ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, ავამოქმედო უსაფრთხოების ის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს სხდომის ჩატარებას

სასესიო სხდომის დროს, დარბაზში შემოსვლის უფლება არ აქვს დეპუტატების გარდა არავის. ჟურნალისტებიც არიან შესაბამის ადგილას გამწესებულნი. გვქონდა შემთხვევა, როდესაც შემოსულები შეეცადნენ დარბაზის ბლოკირებას და შემოიჭრნენ კიდეც დარბაზში, ეს ხომ რეალობაა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე „ლელო საქართველოსთვის“ წევრ ბადრი ჯაფარიძეს.

კუჭავას თქმით, სწორედ ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს იმისა, რომ აამოქმედოს უსაფრთხოების რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის სხდომის ჩატარებას.

„თქვენ გაახსოვთ ბოლო ორი რიგგარეშე სხდომა, როგორ წარიმართა. ერთ-ერთი, სამწუხაროდ, ჩაიშალა კიდეც. წესრიგი ახსენეთ – ზუსტადაც წესრიგი არის მთავარი, რაც უნდა უზრუნველვყო მე და სამწუხაროდ, ეს არც დღეს ხდება, არც გუშინ ხდებოდა – ეს ხდება წლების განმავლობაში, როდესაც მოქმედებს შესაბამისი უსაფრთხოების წესრიგი, რომ პარლამენტის მუშაობას არ შეექმნას საფრთხე. წინასწარ გაგაგებინებთ ხოლმე. უზრუნველვყოფ ამას, რომ წინასწარ მოგეწოდოთ თქვენც, ფრაქციებს, ყველას, ინფორმაცია, რომ იმოქმედებს უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი. ეს არის, თუ არ ვცდები, 2016 წლის ბრძანება, რომელიც მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც არის საფრთხე, რომ სხდომა შეიძლება, ჩაიშალოს. როდესაც სასესიო სხდომა ტარდება, დარბაზში შემოსვლის უფლება არ აქვს დეპუტატების გარდა არავის. ჟურნალისტებიც არიან შესაბამის ადგილას გამწესებულნი. შესაბამისად, გვქონდა შემთხვევა, როდესაც შემოსულები შეეცადნენ დარბაზის ბლოკირებას და შემოიჭრნენ კიდეც დარბაზში, ეს ხომ რეალობაა, მათ შორის, საშვის გარეშე შემოპარული რამდენიმე ადამიანი. ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, რომ მე უზრუნველვყო და ავამოქმედო უსაფრთხოების ის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის სხდომის ჩატარებას და მეორედ აღარ ჩაიშალოს სხდომა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ წესრიგი ახსენეთ. უპირველესად, ჩვენ – დეპუტატები უნდა ვეცადოთ, რომ წესრიგი დავიცვათ. ამიტომ მე ვუზრუნველვყოფ, რომ როდესაც ამ რეჟიმს ავამოქმედებ, შემდეგ რიგგარეშე სხდომებზე წინასწარ გაგაგებინებთ ამასთან დაკავშირებით, რომ თქვენც არ შეგექმნათ უხერხულობა საშვის დაშვებაზე. დღეს უმნიშვნელოვანესი სხდომაა. აუცილებელია, 23 რიცხვამდე საბიუჯეტო ცვლილებები განვიხილოთ. ვერ დავუშვებთ, რომ დღევანდელი სხდომის ჩატარებას რამე სახის რისკი შეექმნას, ამიტომ ავამოქმედეთ ეს რეჟიმი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელზე საშვი დაუშვეს, თუმცა მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.

„თუ რაღაც ხდება უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, წინა დღეს უნდა გაგვაფრთხილონ. არ შეიძლება ადამიანის შეზღუდვა სრულიად უსაფუძვლოდ. კიდევ არის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ელემენტარულ წესრიგთან. როგორ აღმოვფხვრათ ეს, რომ აღარ იყოს ასეთი უმსგავსობა? სხვაგვარად, რაღა აზრი აქვს ან საშვების სისტემას, ან ადამიანების მოწვევას, თუ უცებ ვიღაც გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა შემოუშვას“, – აღნიშნა  ბადრი ჯაფარიძემ.