კახა კუჭავა - გმირების მიერ გაწირული სიცოცხლე უნდა მივიღოთ იმის საფუძვლად, რომ მეტად ვიზრუნოთ, რათა გაერთიანებული ქვეყნის სანუკვარი მიზანი იყოს მიღწეული
კახა კუჭავა - გმირების მიერ გაწირული სიცოცხლე უნდა მივიღოთ იმის საფუძვლად, რომ მეტად ვიზრუნოთ, რათა გაერთიანებული ქვეყნის სანუკვარი მიზანი იყოს მიღწეული

გორში როდესაც ვართ, არ შეიძლება, ემოციური არ იყოს ჩვენი გამოსვლა. ვერ წარმოვიდგენდით, თუ 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიწევდა ჩვენი მიწა-წყლისთვის ბრძოლა, თუმცა ეს ის რეალობაა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და განსაკუთრებით კადრები გორიდან, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გორში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ხსოვნისთვის.

„არ შეიძლება, არ ვახსენოთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და თითოეული ის ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. ჩემი თხოვნა იქნება წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. როდესაც ვსაუბრობთ გმირებზე, სიცოცხლეზე, რომელიც მათ გასწირეს ქვეყნისთვის, ეს უნდა მივიღოთ როგორც საფუძველი იმისა, რომ მეტად ვიზრუნოთ რათა სანუკვარი მიზანი – გაერთიანებული ქვეყანა, იქნას მიღწეული. დარწმუნებული ვარ, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ნიშნავს, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად იქნება სისრულეში მოყვანილი, რადგან ოკუპაცია დროებითია და ოკუპაციას აუცილებლად დავასრულებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ევროპაში და ის აუცილებლად გახდება ნატო-ს და ევროკავშირის წევრი.

„ევროპიდან ახლახან დავბრუნდი. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ გავაგრძელოთ სვლა იმ გზაზე, რომელზეც ვადგავართ. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ნატო-ს წევრები და კვლავ იხილავს ყველა ძლიერ საქართველოს. ამისთვის აუცილებელია ძლიერი მუნიციპალიტეტები, აუცილებელია ზრუნვა თითოეულ ოჯახზე. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, დამეთანხმებით ყველა, აუცილებლად სჭირდება კიდევ უფრო მეტი ზრუნვა დევნილ ოჯახებს, დევნილთა დასახლებებს, რომელთაც საკმაოდ ექცევათ ყურადღება, მაგრამ მეტია საჭირო. განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა იმ ოჯახებს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან თავისი მედგარი სულით დგანან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ გვქონდეს ძლიერი რეგიონები და ძლიერი საქართველო, აუცილებელია სწორი ხედვის არსებობა, ხედვა, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო მიზანთან.

„ამისთვის აუცილებელია ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს შედეგების დადებას. თუ არა გორში, სად შეგვიძლია, ვისაუბროთ ჩემპიონებზე, შედეგებზე და წარმატებებზე. ჩვენ აქ ნამდვილად გვყავს გამორჩეული ქართველები, რომლებმაც თავიანთი წარმატებებით და გამარჯვებებით არაერთი სიხარული მოგვიტანეს თითოეულ ქართველს. ლადოს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი ოლიმპიური ჩემპიონობა, აღარ ჩამოვთვლი სხვა წარმატებებს, რა თქმა უნდა არის ის მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რომელიც სჭირდება ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენს მომავალს. დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ელოდება 2 ოქტომბერს, რომელსაც თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მიაღწევს. არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი გამარჯვება იქნება ოთხი წლის თავზე, როდესაც ლადო წარდგება თქვენს წინაშე იმ შედეგებით და წარმატებით, რომელსაც მოუტანს თავის მშობლიურ მუნიციპალიტეტს.

ძალიან ბევრი გაკეთდა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რეაბილიტირებული და ახალი სკოლები, საბავშვო ბაღები, ამბულატორიები. ბევრი მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის პროექტი განხორციელდა აქ, განსაკუთრებით შრომისმოყვარე კუთხეში, რომელიც საკმაოდ დიდ სიკეთეს ქმნის თავისი შრომით, როგორც ამ კუთხისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.