კახა კუჭავა - ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ანგარიში ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროინტეგრაციის გზაზე
კახა კუჭავა - ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ანგარიში ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროინტეგრაციის გზაზე

ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ანგარიშს, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობას და ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის მიღწევები და სამომავლო გეგმები, რომლებიც საქართველოს და სხვა ქვეყნებს გააჩნია ევროინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

როგორც კუჭავა აღნიშნავს, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

„აქ არის კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც ევროკავშირის საბჭოს მიმართ, ასევე ევროკომისიის მიმართ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ის შედეგი, რომელიც ჩვენ უკვე მიღწეული გვაქვს, გახდეს გაცილებით ხელმისაწვდომი – იგულისხმება როგორც განათლების რეფორმა მხარდაჭერის კუთხით, ერთიან ევროპულ ეკონომიკურ ზონაში ინტეგრირების კუთხით. ცალსახადაა ხაზგასმული ასევე თავდაცვისუნარიანობის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათი მხარდაჭერა. მთლიანობაში ეს არის ის გზავნილები, რომლებიც გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები და ვისწრაფვოდეთ იმ მთავარი მიზნისთვის, რაც გაგვაჩნია – ეს არის ევროკავშირის წევრობა. რა თქმა უნდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. რეკომენდაციაც პირდაპირ მიუთითებს რომ ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტისთვის კონკრეტული წინადადებებით იყოს წარმოდგენილი ამ ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით მოხსენებულია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

ევროპარლამენტმა დაამტკიცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს.

დატოვე კომენტარი