კახა კუჭავა - ერთი ევროპარლამენტარიც რომ იყოს, მნიშვნელოვანია, ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ შვიდი იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს სანქციების დაწესებას, ამაზე სპეკულირება არ არის სწორი
ერთი ევროპარლამენტარიც რომ იყოს, მნიშვნელოვანია, ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ შვიდი იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ სანქციები წესდება, ამაზე სპეკულირება არ არის სწორი, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.
კუჭავას თქმით, საქართველო ევროპის მხარდაჭერის გარეშე არასოდეს დარჩება.
„ჩვენი ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია, რომელიც ისეთი მაღალი დონის არასოდეს ყოფილა, როგორიც არის დღეს. როგორც არასოდეს, ახლა ისეთი მყარი ურთიერთობაა ჩვენსა და დასავლეთს შორის, რაც გამოიხატება იმ ვალდებულებების პირნათლად შესრულებაში, რომელიც აღებული გვაქვს, როგორც ქვეყანას და წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საბოლოო ევროინტეგრაციის გზაზე.
რაც ხდება, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან ადარდებთ, პირველ რიგში დროის კუთხით, რაც შეიძლება მალე გადაწყდეს ყველა საკითხი, რომელიც დღეს მათ აწუხებთ და დავუბრუნდეთ იმ რეალურ გამოწვევებზე ბრძოლას, რომლის წინაშეც ქვეყანა და რეგიონი დგას. საუბარია, როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე პანდემიასთან და სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე მსჯელობა სწორედ პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, გზას მალე ვიპოვოთ და ამ პრობლემას მალე გადავლახავთ, გამოსავალს ვიპოვით. ჩვენს პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ, სწორედ ამიტომ ვიყავით თანახმა შეთანხმება მომხდარიყო. შეთანხმება რომ შედგეს, ორივე მხარის თანხმობა აუცილებელია, ამის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამის მიუხედავად, მზად ვართ, იმ ყველა საკითხზე მუშაობა გავაგრძელოთ, რაც ჩვენს დღის წესრიგში დგას.
როცა გუშინდელ განცხადებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ეს არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ამიტომ ნებისმიერი სახის სანქციაზე ან რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ნაადრევია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება ამ წერილს და მის პასაჟს, კარგად გვესმის, რომ ისინი არათუ წუხან ამ პრობლემაზე, არამედ ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ და ფიქრობენ, რა შეიძლება იყოს ეს დამატებით. სამწუხაროა, რომ წერილში გარკვეული უზუსტობა ვნახე, რომელსაც არათუ ვერ დავეთანხმები, არამედ რეალობაა, იგულისხმება კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის მოშველიება და იქვე რიგგარეშე არჩევნების ხსენება. დანიელსონს თავის შემოთავაზებაში რიგგარეშე არჩევნები მითითებული არ ჰქონდა. ახალი მოსაზრების გაჩენა და იმის მითითება, რომ ეს დანიელსონის დოკუმენტში იყო აღნიშნული, უბრალოდ უზუსტობაა და ამას თავად დანიელსონიც დაადასტურებს. შვიდი კი არა, ერთი პარლამენტარიც რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ შვიდი იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება და ამაზე სპეკულირება არ არის სწორი“, – განაცხადა კუჭავამ.
კუჭავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია, არის საკმაოდ გავლენიანი შვიდი ევროპარლამენტარის მოსაზრება.
„რა შეიძლება ამას მოჰყვეს, მოჰყვება თუ არა – ამას ვნახავთ, მაგრამ, რომ არ მოჰყვება, ამაში გარწმუნებთ, რადგან ჩვენი მხრიდან ყველანაირი მზადყოფნაა და ვმუშაობთ ევროსტრუქტურებთან ერთად, რომ მივაღწიოთ იმას, რასაც ჩვენგან ელოდებიან“, – განაცხადა კახა კუჭავავამ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებაზე, რომლის თანახმად, „სასწორზე საქართველოს მომავალია“.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების განცხადება ნამდვილად არ არის აზრს მოკლებული, რადგან ისინი ვერ ხედავენ სიტუციის განმუხტვას. ჩვენი პოზიცია იციან. მზად ვართ, სიტუაცია განიმუხტოს. კარგად ხვდებიან, რომ ამისთვის საჭიროა ორივე მხარე. ვისურვებდი, რომ პარტნიორების წინაშე პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ გამოსავლის პოვნა, იმედი მაქვს, მათი მხრიდან ამ კეთილი ნების და ნდობის დაკარგვას ხელს არ შეუწყობენ“, – განაცხადა კუჭავამ.