კახა კუჭავა - ძლიერი შეთავაზება დევს მაგიდაზე, იმედია, მოლაპარაკებები გაგრძელდება და გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ
კახა კუჭავა - ძლიერი შეთავაზება დევს მაგიდაზე, იმედია, მოლაპარაკებები გაგრძელდება და გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ

ჩვენ მიერ ყველაფერი იყო გამოთქმული და რეალურად, მაგიდაზე ძალიან ძლიერი შეთავაზება დევს. მთავარია, მათი მხრიდან მაგიდა აყირავებული არ იყოს, რისი მცდელობაც ოპოზიციის რადიკალურ ფრთას ჰქონდა და მოლაპარაკებები გაგრძელდეს, -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კუჭავა იმედოვნებს, მოლაპარაკებები გაგრძელდება და გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული.

„იმედია, მოლაპარაკებები გაგრძელდება და გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ. ამის იმედს ვიტოვებ“, – აღნიშნა კუჭავამ.

კითხვაზე „კობახიძის განცხადებამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ხომარ შეაფერხა“, კუჭავამ განაცხადა, რომ კობახიძემ ამ განცხადებით ნათელი მოჰფინა სპეკულაციებს, რომლის მცდელობაც ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელს ჰქონდა.

„პირველი, ვინც საუბარი დაიწყო და დეტალების გამოტანა, ეს იყვნენ ზუსტად ოპოზიციის წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში, კობახიძემ რა განცხადებაც გააკეთა, ნათელი მოჰფინა იმ სპეკულაციებს, რომლის მცდელობაც ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელს ჰქონდა. რეალურად, რაც ხდება ყველა ძალიან კარგად ხედავს. მათ ერთადერთი, რაც დარჩენიათ არის მხოლოდ ტყულებითა და სპეკულაციებით გავიდნენ ფონს, რომელიც საბოლოოდ არ იმალება და ყველა ხედავს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენი მხრიდან მზადყოფნაა და ყოველთვის ვართ მოწადინებული. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია. გახსოვთ წინა მილაპარაკებებიც, რომელიც საბოლოოდ კი დამთავრდა შეთანხმების ხელმოწერით, მაგრამ ეს პირობა მაინც არ იყო შესრულებული. დაარღვიეს პირობა და დაიმსახურეს კიდეც ამაზე კრიტიკა დასავლეთიდან. რეალურად, დღესაც მზად ვართ ყველა ნაბიჯი გადავდგათ. მოლაპარაკებებში მონაწილეობა მივიღოთ, რათა მაქსიმალურად მალე მოხდეს მდგომარეობისა და დაძაბულობის განმუხტვა და ყველა დაუბრუნდეს პარლამენტს. თუმცა საბოლოო ჯამში, მათზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯს გადადგამენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.