კახა კუჭავა - დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნას
კახა კუჭავა - დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა კიევში იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების, მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში.

აგრეთვე ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ისრაელისა და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ბაბინ იარის 80 წლის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მძიმე ჰოლოკოსტის გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი ცერემონიალზე, სადაც მიწვეული არიან უკრაინის მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რამდენიმე პრეზიდენტი, სხვადასხვა ქვეყნის ვიცე-სპიკერი და რა თქმა უნდა, ჩვენგან იყო თავიდანვე თანხმობა, რომ დავესწრებოდით ცერემონიალს, ამიტომაც ვიმყოფები აქ. ცერემონიალის შემდეგ იქნება ვახშამი, მიღება, სადაც ყველა უკრაინელ კოლეგას ვიხილავ, მაღალი თანამდებობის პირებს და მექნება საშუალება მათთან დღევანდელ დღეს და ამ ხსოვნას პატივი მივაგოთ. მე აქ ჩამოსული ვარ პირადად პრემიერ-მინისტრის მოწვევით და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღე მოწვევა და მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, მათთან ერთად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

2021 წელს ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტებმა სასტიკად და მასობრივად დასაჯეს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, ებრაელები, ბოშები, უკრაინელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები, სამხედრო ტყვეები და მღვდლები.

აღნიშნული ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მიზანია ტოტალიტარული იდეოლოგიების აღორძინების და ეთნიკურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის თავიდან ასაცილებლად ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობის შეხსენება, ასევე, ნაციზმის უდანაშაულო მსხვერპლთა შესახებ ხსოვნის შენარჩუნება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.