კახა კუჭავა - ჩვენი ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია, ნებისმიერი კონფლიქტი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შეიარაღებულ დაძაბულობაში გადაიზარდოს
კახა კუჭავა - ჩვენი ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია, ნებისმიერი კონფლიქტი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შეიარაღებულ დაძაბულობაში გადაიზარდოს

ნებისმიერი კონფლიქტი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, უნდა დავუკავშიროთ ჩვენს ოკუპანტ მეზობელს, რომლის ინტერესებშია, ნებისმიერი კონფლიქტი შეიარაღებულ დაძაბულობაში გადაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ დეზინფორმაციის მთელ ტალღას, სპეკულაციებსა და სპეციალურად, ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება, რომელიმე მხარეს შეცდომა დააშვებინოს. ეს მათგან მოსალოდნელია და არავის უკვირს. ამიტომ, ჩვენ ჩვენს ქმედებებში უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად და მაქსიმალურად მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის ქმედებები მაქსიმალურად იქნას შეჩერებული. არ ვიცი, სანქციები იქნება ეს თუ უბრალოდ, ზეწოლა, მაგრამ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, ამ კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივებაში თავისი როლი ითამაშოს“, – განაცხადა კუჭავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემა ის, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები და რას ფიქრობს ამაზე სახელმწიფო, რადგან უშიშროების საბჭოს სხდომა ჯერ არ ჩატარებულა, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, პატივი სცენ იმ სამშვიდობო ფუნქციას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა. 

„მესმის, რომ ორივე ეროვნების წარმომადგენელს ექნება სურვილი, თავის მხრივ, რაღაც მხარდაჭერა გააკეთოს, მაგრამ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, საქართველოს მოქალაქეები არიან და ამიტომ, ვალდებული არიან, პატივი სცენ იმ სამშვიდობო ფუნქციას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა, აკისრია და ასე ვიტყოდი, ვალდებულებაც არის, რომ მაქსიმალურად შეეცადოს დეესკალაციისა და ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას შეუწყოს ხელი და არა პირიქით, დაძაბულობას. შესაბამისი უწყებების მხრიდან დამიჯერეთ, რეაგირებები იქნება, თუ მსგავსის მცდელობა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით, ეს არის მხოლოდ განცხადებები“, – განაცხადა კუჭავამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რამდენად სარწმუნოა გავრცელებული ინფორმაცია ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მიერ საზღვრის პიკეტირების შესახებ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ეს დადასტურებული ფაქტი არ არის.

„როგორც ვიცი, ეს დადასტურებული ფაქტი არ არის, მაგრამ არავის, არც ერთ ჯგუფს არ მიეცემა უფლება, საზღვარი გადაკეტოს და თვითნებურად იმოქმედოს. მნიშვნელობა არ აქვს, ეთნიკურად რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან. შეიძლება, მცდელობა იყოს, მაგრამ შესაბამისი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მარტივი არ იქნება. უნდა გავიგოთ მათი ინტერესი და მონდომება, რომ თავის მხრივ, წვლილი შეიტანონ ამ საკითხში, მაგრამ საქართველო მხარე ნამდვილად ვერ იქნება და ვერავის ვერ მივცემთ საშუალებას, ეს თავისი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა კუჭავამ.

შეკითხვაზე, ის, რომ მისი ყოფილი თანაპარტიელი, ეთნიკურად სომეხი ენზელ მკოიანი მოხალისეებისთვის დახმარებას აგროვებს და იმავე გზას დაადგა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მელიქ რაისიანი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამ კონფლიქტში ფაქტობრივად, უკვე ერთვებიან, კახა კუჭავამ განაცხადა: „ძალიან დიდი სურვილი მაქვს, არც კი ვიფიქრო იმაზე, რომ წინასააარჩევნოდ არის მსგავსი დეესკალაციის მცდელობა და მსგავსი განცხადებების გაკეთება. არავის მიეცემა უფლება, თავისი ქმედებებით საქართველოს როლს როგორმე ჩრდილი მიაყენოს“.

მისივე თქმით, ძალიან დროული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება ძალიან დროული იყო. ის პირდაპირ მიუთითებს იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს უჭირავს და ყველასთვის კარგი მანიშნებელია, როგორ უნდა მოიქცნენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.