კახა კუჭავა ავარიულ შენობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
კახა კუჭავა ავარიულ შენობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ამასთან, კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ნრეგვის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებისთვის.

„კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო იმ ძალიან ტრაგიკულ დღეს. გუშინ გლოვის დღე იყო. პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო თითოეულ ოჯახს, თითოეულ ბათუმელს და მთელ საქართველოს. დიდი დანაკარგია ჩვენთვის. ძალიან რთულია, სიტყვებით გამოვხატოთ ის წუხილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია გულში.  მთავრობამ გააკეთა განცხადებები, რომ ყველაფერს იზამენ, რომ ამ ოჯახებს დაეხმარონ“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

ამასთან, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე ავარიულ შენობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივაზე ისაუბრა.

„გუშინ ასევე მოვისმინე განცხადება, რომ მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება, შესწავლა. მეც მივიღე გარკვეული წერილები და გადავამისამართე. შესაბამისად, ყურადღებით რომ მოხდეს რეაგირება ყველა ავარიულ შენობაზე ჩვენი მხრიდანაც, პარლამენტში შესაბამისი კომიტეტი თუ ჩათვლის საჭიროდ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს და რაც ყველაზე მთავარია, ზედამხედველობა იყოს სწორად, კანონმდებლობით გაწერილი, დეპუტატებსაც მოვუწოდებ, ჩაერთონ ინიციატივაში. შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ. ამით კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რათა ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, სხვა ქალაქებშიც არის და აუცილებელია ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი დროული რეაგირება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი