კახა კუჭავა აცხადებს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარკვეული მიღწევაა, თუმცა აუცილებელია, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდეს
კახა კუჭავა აცხადებს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარკვეული მიღწევაა, თუმცა აუცილებელია, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული მიღწევაა.

როგორც კუჭავამ შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდეს. კახა კუჭავამ დასახელებული მიმართულებით საქმიანობაში რატი იონათამიშვილის, როგორც ლიდერის, როლი გამოყო.

„დღეს არის შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე. ჩვენს პარლამენტში, რა თქმა უნდა, ყოველთვის აღვნიშნავთ ამ დღეს. ბოლო წლების განმავლობაში არის გარკვეული მიღწევა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ტექნიკურად გამართულ პარლამენტს, რომელიც საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირს, ბოლომდე ისარგებლოს პარლამენტის შენობით, ასევე მნიშვნელოვანია კანონი, რომელიც 2020 წლის 14 ივლისს მივიღეთ საქართველოს პარლამენტმა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონი პირველი იანვრიდან უკვე ამოქმედდა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმების რატიფიცირება, რომელიც 12 მაისიდან ამოქმედდა. ამდენად, აუცილებელია, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მაქსიმალურად შევქმნათ შესაძლებლობა, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს პარლამენტის როგორც შენობით, ისე არსებული საშუალებებით ბოლომდე სარგებლობა. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ამ საქმიანობაში რატი იონათამიშვილის წვლილი, როლი, რომელიც ხელმძღვანელი და ლიდერია ამ საკითხებში მუშაობის კუთხით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.