კახა კუჭავა - 5 ივლისს ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები, ყველა მოძალადე გამოვლინდება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება
კახა კუჭავა - 5 ივლისს ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები, ყველა მოძალადე გამოვლინდება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო ევროპას, მით უფრო აგრესიულები ხდებიან ის ძალები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე წარუმატებელი იყოს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ 5 ივლისს, როცა მოვლენები ყველაზე სამწუხარო სცენარით განვითარდა და ჩვენ ვნახეთ ძალადობა თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული.

კახა კუჭავას განცხადებით, „ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები და მათი ქმედებები სრულად ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანს, რაც არის ევროპასთან დაახლოება“.

„მოძალადე ბრბოს წევრთაგან ბევრი დააპატიმრეს და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზრდება. ძალადობამ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიწვია პროტესტი მედიის წარმომადგენლებისა და სხვების მხრიდან. ჩვენ ყველა შეძრულები ვართ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამო, ოპერატორის, რომელსაც სასტიკად სცემეს მოძალადე ბრბოს წევრებმა 5 ივლისს. მიმდინარე გამოძიება დაადგენს სიკვდილის მიზეზს, გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად და გამჭვირვალედ. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამ გამოძების დეტალები. თუ საჭირო გახდება გამოძიებასთან დაშვებულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, რათა მისი სანდოობა უზრუნველყოფილი იყოს. საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ პროცესში ჩართულობისთვის ყველა შესაძლო მექანიზმით, რომელიც მისთვისაა ხელმისაწვდომი. მე კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს, სოლიდარობას გამოვუცხადებ მათ“, – განაცხადა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებების გამართლება და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა, დაუშვებელია.

„ეს უფლებები მოპოვებულია ტკივილითა და სისხლით, მიუხედავად ძალზედ ტურბულენტური რეგიონული და საერთაშორისო მოვლენებისა, ეს უფლებები არ და ვერ იქნება კომპრომიტირებული. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ყველა, ვინც სამარცხვინო ძალადობაში მონაწილეობდა, გამოვლინდება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – განაცხადა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი