კახა კოჟორიძე - მართლმსაჯულების სისტემა რჩება სახელმწიფოს აქილევსის ქუსლად
კახა კოჟორიძე - მართლმსაჯულების სისტემა რჩება სახელმწიფოს აქილევსის ქუსლად

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა რჩება სახელმწიფოს აქილევსის ქუსლად.

როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემაში არ ხდება ისეთი ადამიანების მოსამართლეებად გამწესება, რომელიც სისტემა ნდობას მოიტანს.

„ვიცით, რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობა ვერ იზრდება. ეს ვერც გაიზრდება, თუ სისტემა არ დაკომპლექტდება ისეთი ადამიანებით, რომლებმაც პროფესიული საქმიანობის განმავლობაში დაამტკიცეს პრინციპების ღირებულებისადმი ერთგულება, რომ ისინი იმსახურებენ იმ საპატიო ღირსებას, რაც არის მოსამართლის მანტია. სამწუხაროდ, ამ პრობლემების გააზრება არ ხდება. გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ, ბიძინა ივანიშვილთან. არც ჟურნალისტის მხრიდან და არც, რესპონდენტის მხრიდან არათუ გააზრება არ მოხდა ამ პრობლემების, არამედ სიტყვა, მართლმსაჯულების სისტემა, საერთოდ ნახსენებიც კი არ იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც ორი, თუ სამი თვის განმავლობაში ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ პროტესტს ქუჩებში, ათასობით მოქალაქე მთავარ პრობლემად ქვეყანაში ასახელებს მართლმსაჯულების პრობლემას. როგორც ჩანს, ეს პრობლემები არ არის ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემათა სიაში”, – განაცხადა კოჟორიძემ.