კახა კალაძემ „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს
კახა კალაძემ „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს

„სტუდენტური ფესტივალი 2026“ საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს  მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ახალი იდეებით, ცოდნითა და შრომით გვერდით უნდა დაუდგეთ ჩვენს სამშობლოს, რადგან თითოეული ახალგაზრდის როლი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტუდენტური ფესტივალი არის სივრცე, სადაც ერთიანდება უამრავი ახალგაზრდის  ნიჭი, უნარები და შემოქმედება. შესაბამისად, მჯერა, რომ გამოცდილება, რომელიც ფესტივალის ფარგლებში მიიღეთ, დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში, ხოლო ურთიერთობები, რაც აქ შეიძინეთ, შეგმატებთ თანამოაზრეებს ბევრი სასიკეთო იდეის განსახორციელებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, „სტუდფესტი 2026“, რომელშიც საქართველოში  მოქმედი 42 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 20 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა, მასშტაბური აღმოჩნდა.

„ფესტივალის ფარგლებში გამართულ ჩემპიონატებში მონაწილე თითოეული გუნდი არის გამარჯვებული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს. მართალია ფესტივალი დასრულდა, მაგრამ არ გემშვიდობებით. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც. თბილისის მუნიციპალიტეტს არაერთი ახალგაზრდული პროგრამა გააჩნია კულტურის, სპორტის, განათლების, სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ, რათა თქვენი შესაძლებლობები აქციოთ რეალობად. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ როგორც ჩვენი ქალაქისთვის, ისე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ფესტივალში მონაწილეობისთვის, ასევე ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელს ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.

„სტუდენტური ფესტივალი 2026“ პირველ მაისს, რუსთავში გაიხსნა და 14 ივნისს, თბილისში მოხალისეობრივი გარბენით დაიხურა. ჩატარდა 45 საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ტურნირი თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.

პროექტის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე სპორტსმენები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.